უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობა

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. კვლევა მოიცავ იმ ძირითად სფეროებს, რომლებიც ისწავლება უნივერსიტეტში და რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: თარგმნა, სასწავლო სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები და პერიოდული გამოცემები. კვლევის პროცესში ჩართულია როგორც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ისე სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები, ასევე, ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორები.

უნივერსიტეტის არსებობის მანძილზე შესრულებულია 50-ზე მეტი სხვადასხვა თემატიკისა და ხასიათის გამოცემა (იხ., გამოცემები), რომელთა უმრავლესობა აქტიურადაა ინტეგრირებული სწავლების პროცესში მთელი საქართველოს მასშტაბით.

უნივერსიტეტი ხელს უწყობს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აქტიურ ჩართვას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. ამ მიზნით უზრუნველყოფილია სამეცნიერო მივლინებები პარტნიორ უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებში საზღვარგარეთ, კვლევითი გრანტების მოპოვებასა და განხორციელებაში მხარდაჭერა, გამოცემების დაფინანსება და გავრცელება.

 

სამართალი

სამართლის ფაკულტეტის ამერიკული სამართლისა და სამართლის ფილოსოფიის კათედრის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „რთული შემთხვევები სასამართლო პრაქტიკაში“, რომელზე გაკეთებული მოხსენებებიც სამეცნიერო კრებულის სახით გამოიცემა. პირველი ასეთი კონფერენცია 2017 წლის ივლისში ჩატარდა, 2018 წლიდან კი ყოველწლიური ხასიათი მიიღო.

2018 წლიდან საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო კონფერენციას - „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება“, რომელიც 2019 წლიდან ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის პარტნიორობით გაიმართება და ყოველწლიური გახდება.

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი შეუერთდა ჟურნალ „სამართლის მეთოდების“ გამომცემლებს. ჟურნალის მე-2 და მომდევნო ნომრები უკვე დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის, „ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პარტნიორობით გამოვა.

ამერიკული სამართლისა და სამართლის ფილოსოფიის კათედრის ორგანიზებით ითარგმნება და გამოიცემა რონალდ დუორკინის, ჯონ როულზის, გუსტავ რადბრუხისა და სხვა სამართლის ფილოსოფოსთან კლასიკური შრომები.

ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი

2017 წლის შემოდგომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტული კომპანიების კვლევა ჩაატარა, სადაც აქტიურად მონაწილეობას იღებდნენ სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები.  სტუდენტებმა ამ კვლევის ფარგლებში გამოკითხეს 192 შიდა, გამყვანი და შემომყვანი ტურისტული კომპანია. მიღებული შედეგების კვლევის დახმარებით განისაზღვრა მოგზაურების ძირითადი ბაზრები, მონახულებული და პოპულარული ადგილები, შეთავაზებული ტურების ტიპები და სხვა. აღნიშნული კვლევის განხორციელების პროცესში სტუდენტებმა მიიღეს კვლევის ჩატარების გამოცდილება და გაიღრმავეს ცოდნა ტურისტული სექტორის რეალური მდგომარეობის შესახებ.

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივრსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება სტუდენტური კონფერენცია თემაზე, „ბიზნესის გამოწვევები და მდგრადი ტურისტული განვითარების აქტუალური საკითხები საქართველოში“. ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები ამზადებენ საკონფერენციო ნაშრომს, რომლის სათაურსაც ისინი არჩევენ თავიანთ ხელმძღვანელთან ერთად. საუკეთესო ნაშრომები აკინძულია და გამოცემულია კრებულის სახით.

გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის კვლევა გერმანელ ექსპერტებთან ერთად

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა WorkShop, ტურიზმის საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით, რომელიც ეხებოდა საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარების საკითხებს. ამ Workshop-ის მიზანი იყო გურიის რეგიონალურ განვითარებაზე ტურისტული მიმართულებით კვლევის ჩატარება. ეს შეხვედრა ეხებოდა საქართველოს რეგიონული ტურისტული პოტენციალის ზრდასა და ტურიზმის განვითარებას ამ კვლევაში აქტიურად იყვენენ ჩართულები როგორც გერმანელი პროფესორები და მაგისტრანტები, ასევე სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები.

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

2017 წლიდან საბაუნიში ტარდება საერთაშორისო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“.  სიმპოზიუმის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება, სიმპოზიუმის ფარგლებში იგეგმება კულტურულ-ისტორიული გასვლითი ღონისძიება საქართველოს რეგიონებში;

საერთაშორისო ურთიერთობები

პოსტსაბჭოთა კვლევების ინსტიტუტი (IPSS -  Institute of Post-Soviet Studies) არის არაკომერციული, არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც ორიენტირებულია პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ინტერდისციპლინარულ კვლევებზე. ინსტიტუტი უფლებამოსილია, ჩაატაროს საჯარო შეხვედრები, ტრენინგ-კურსები, საერთაშორისო და/ან საუნივერსიტეტო კონფერენციები.  ინსტიტუტის მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის კვლევების საქმეში და დაამყაროს აკადემიური კავშირები საქართველოს, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების, ევროკავშირისა და აშშ-ის მსგავსი პროფილის ანალიტიკურ ცენტრებთან.

პოსტსაბჭოთა კვლევების ინსტიტუტმა 2018 წლის 19 მაისს ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია: პოსტსაბჭოთა ქვეყნები - გამოწვევები, პერსპექტივები (დეტალური ინფორმაციისთვის), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი ასევე უცხოელი პროფესორები.

2018 წლიდან ხორციელდება სტუდენტური კონფერენცია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები.