სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი/საბაუნი დაარსდა 2002 წელს. იმ დროისთვის უნივერსიტეტის სახელწოდება იყო ”სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ფილოსოფიის, თეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის ინსტიტუტი”, სადაც მოქმედებდა მხოლოდ თეოლოგიის ფაკულტეტი. ფაკულტეტზე ისწავლებოდა ფართო პროფილის ქრისტიანული ღვთისმეტყველება, იმართებოდა საერთაშორისო სიმპოზიუმები, კონფერენციები, სემინარები. უნივერსიტეტი ამზადებდა და გამოსცემდა საღვთისმეტყველო, ფილოსოფიურ, ისტორიულ წიგნებისა და სახელმძღვანელოებს. თანდათან ჩამოყალიბდა პარტნიორული ურთიერთობები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. მოწვეულმა ლექტორებმა კიდევ უფრო გაამდიდრეს ჩვენი სტუდენტების ცოდნა, წარმოსახვა და უნარები. არა ერთმა ჩვენმა კურსდამთავრებულმა სწავლა განაგრძო ევროპის ავტორიტეტულ სასწავლებლებში.

2009 წელს უნივერსიტეტმა მოიპოვა მორიგი ინსტიტუციური აკრედიტაცია. იმავე წელს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტრუქტურულ ერთეულს შეემატა სამართლის ფაკულტეტი, ხოლო თეოლოგიის მიმართულებას საბაკალავრო პროგრამის გარდა (ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფარგლებში) დაემატა სამაგისტრო პროგრამა.
2012-2013 სასწავლო წლიდან, თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამას დაემატა დამატებითი სპეციალობა (მაინორი) კულტურული ტურიზმი.
2013-2014 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტში ამოქმედდა ახალი აკრედიტებული პროგრამები: ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა (ტურიზმის ფაკულტეტი), ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (ბიზნესის ფაკულტეტი).
2014-2015 სასწავლო წლისათვის ამოქმედდა სამართლის სამაგისტრო პროგრამა (სამართლის ფაკულტეტი).
2016-2017 წელს კი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკრედიტაცია მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამამ.
2017-2018 წელს კი აკრედიტაცია მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამამ (ბიზნესის ფაკულტეტი).

დღეს, საბაუნიში 5 საბაკალავრო (სამართალი, ტურიზმი, ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები, თეოლოგია) და 3 სამაგისტრო (სამართალი, თეოლოგია, ბიზნესი) პროგრამა მოქმედებს. ყველა მათგანი აკრედიტებულია. უნივერსიტეტი გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.