რექტორის მიმართვა

ჩემთვის დიდი პატივია, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და ჩემი გუნდის სახელით წარმოგიდგინოთ სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი/საბაუნი. 

უნივერსიტეტის პრიორიტეტია სტუდენტთა პიროვნული ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი ინტელექტუალური და პიროვნული განვითარებისათვის ჰარმონიული შიდასაუნივერსიტეტო გარემოს შექმნა. შესაბამისად, ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე თეორიული-პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი მაღალკონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესითა და წარმატებული პროფესიული საქმიანობით ხელს შეუწყობენ დემოკრატიულ, ზნეობრივ და მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას. 

ჩვენი თანამედროვე სტანდარტებზე აგებული პროგრამები სტუდენტებში განავითარებენ სხვადასხვა პროფესიული დარგების ღრმა ცოდნას, ინტელექტუალური განვითარებისადმი ინტერესს, აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, რაც მათ შემდგომ საზოგადოებრივ-პროფესიულ ცხოვრებაში დაეხმარებათ.

ჩვენი მისია შთაგონებულია სულხან-საბა ორბელიანით, როგორც ფართო განათლების, ევროპული ცნობიერების, ღრმა ქრისტიანული რწმენის ეროვნული მოღვაწითა და დიდი შემოქმედით. სულხან-საბა ორბელიანის ოცნება - საქართველოს დაბრუნება თავის ბუნებრივ გარემოში - ევროპულ ოჯახში - დღეს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საზრუნავია; უნივერსიტეტიც, თავისი მოკრძალებული წვლილით, ევროპასთან ინტეგრაციის დიდ საქმეს ეხმაურება. 

ჩვენი გუნდის ყველა წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტის აზრი. ამიტომაც ყოველთვის მზად ვართ, სტუდენტებთან ერთად ვიმსჯელოთ აკადემიური პროცესების მუდმივ სრულყოფაზე, რათა უკეთ დავაკმაყოფილოთ ახალგაზრდების მოთხოვნები და ინტერესები.

ვაჟა ვარდიძე

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი