რა არის მობილობა?

რა არის მობილობა?

მობილობა არის სტუდენტისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, თავად გადაწყვიტოს, თუ რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე და დაწესებულებაში გააგრძელებს სწავლას. ამდენად, მობილობა არის ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორეში, ან/და ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან მეორეზე გადასვლა.

ვის შეუძლია ჩაერთოს მობილობაში?

ამ პროცესში ჩართვის უფლება აქვს სტუდენტს, რომელმაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებით) ან ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებამდე სარგებლობდა სტუდენტის სტატუსით, ისწავლა შესაბამის საფეხურზე მინიმუმ ერთი წელი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტში აქვს სტუდენტის სტატუსი.

უნივერსიტეტის შიგნით (შიდა მობილობა) ერთი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამიდან მეორეზე მობილობით გადასვლის უფლება სტუდენტს აქვს რექტორის აქტით დადგენილ ვადებში.

მობილობის ვადები

მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში.

შიდა მობილობის ფარგლებში, ინფორმაცია ვაკანტური ადგილების, ასევე შიდა მობილობის ვადების შესახებ განისაზღვრება რექტორის აქტით. შიდა მობილობა სრულდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე 2 დღით ადრე.

სტუდენტთა ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი და იგი ხორციელდება ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.

მობილობის წესით ჩარიცხვისათვის უნივერსიტეტში წარმოსადგენია შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი დედნის წარმოდგენით;
დ) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედროვალდებული პირების შემთხვევაში);
ვ) სტუდენტის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის სამართლებრივი აქტ(ებ)ის ასლი (დამოწმებული დადგენილი წესით);
ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული დადგენილი წესით);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში).

მობილობის წესით ჩარიცხვის შემდეგ, სტუდენტს უფორმდება განათლების მომსახურების ხელშეკრულება და არაუგვიანეს ორი კვირის ვადისა, სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დედანი.
ბ) 2 ნაბეჭდი ფოტოსურათი, ზომით 3x4 და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია, ჩაწერილი კომპაქტურ დისკზე (CD)
გ) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატის დედანი (არსებობის შემთხვევაში)
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირების შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანების ამონაწერი;
ვ) სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს სტუდენტი მიიღებს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში ანდა იხილეთ ბმულზე.