ვაჩუქოთ ერთი ლამაზი დღე ჩვენს თანატოლებს

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირის „იას“ მობინადრეებთან

უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ცნობილი იყო, რომ სულხან- საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები გამართავდნენ საქველმოქმედო აქციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები კავშირ ”ია”-სთან ”ქრისტიან ქალთა ცენტრის” გამგეობის წევრმა, ქ-მა ციცინო ხითარიშვილმა დაგვაკავშირა. მანვე შემოგვთავაზა, მოგვეწყო აქცია უნარშეზღუდულ ბავშვებთან და გადაგვეცა მათთვის საჩუქრები, რომელიც მათთვის ”კეთილი სამარიტელის” ორგანიზაციამ მოამზადა.
უნარშეზღუდულ ბავშვებს უფლება აქვთ, სარგებლობდნენ განსაკუთრებული მზრუნველობით; მიიღონ განათლება; აუცილებელია, მოხდეს მათი სოციალური ინტეგრაცია; ისინი უნდა სარგებლობდნენ სამედიცინო, სარეაბილიტაციო, პროფესიული და შრომითი საქმიანობისათვის მოსამზადებლად საჭირო მომსახურეობითა და დასვენების საშუალებით, _ ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც ბავშვთა უფლებების კონვენციაში მონაწილე სახელმწიფოები უნდა აკეთებდნენ შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებისათვის.
საქართველოში არსებობენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც გონებრვად და ფიზიკურად შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებზე ზრუნავენ. ერთ-ერთი მათგანია ”შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირი ”ია”. ის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 2005 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლების მიერ.
ამჟამად დღის ცენტრში 3-დან 25 წლამდე ასაკის ოცდათხუთმეტამდე აღსაზრდელია გაერთიანებული. ბენეფიციართა უმრავლესობა მძიმე გონებრივი და ფიზიკური ჩამორჩენილობით გამოირჩევა, ”რომლებიც ვერ მიიღო ამ სფეროში მომუშავე ვერც ერთმა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ”.
ამ ცენტრში არსებული პრობლემების შესახებ გავესაუბრეთ კავშირ ”იას” თავმჯდომარეს, ქ-ნ ნინო ჭაბუკიანს. როგორც მან აღნიშნა, ცენტრის ბავშვების უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებიდანაა და სახელმწიფო მათ ვაუჩერის სახით მხოლოდ 10 ლარს ურიცხავს, რაც ძალიან მცირე თანხაა შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მკურნალობის, რეაბილიტაციისა და კვებისათვის.
წინასწარ დაგეგმილმა ღონისძიებამ, რომელშიც ორივე მხარე _ სტუდენტები და ”იას” აღსაზრდელები მონაწილეობდნენ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბავშვებმა დიდი ძალისხმევის ფასად შეძლეს თავიანთი უნარების მაქსიმალურად წარმოჩენა, მოირგეს სხვადასხვა როლები და სიამოვნება მიანიჭეს როგორც სტუმრებს, ისე საკუთარ თავს.
ღონისძიების ბოლო ნაწილი კი მათთვის მართლაც რომ ყველაზე ლამაზი, სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო: სტუდენტებმა მათ საჩუქრები გადასცეს.
ჩვენ ერთი დღით შევაღეთ მათი სამყაროს კარი, მათი ოცნებების თანაზიარნი გავხდით, შევიტყვეთ, როგორ ოცნებობს 22 წლის თაკო წამლიაშვილი მომღერლობასა და საკუთარი სიმღერების ალბომის გაყიდვაზე.
გვჯერა, ჩვენ კიდევ მრავალჯერ შევხვდებით მათ, რათა გავულამაზოთ მძიმე და ერთფეროვანი დღეები, ვაჩუქოთ სიხარული და მომავლის რწმენა.
P.S ამ ღონისძიებას შემთხვევით ”წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახ. ახალგაზრდული საქველმოქმედო გაერთიანების” წევრებიც დაესწრნენ. დავთქვით, რომ მომავალ ღონისძიებებს ერთად დავგეგმავთ.
თამთა თავართქილაძე

ფოტოები