გიორგი ლელუაშვილი

გიორგი ლელუაშვილი

ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტი

„ჩემთვის, გაცვლითი პროგრამის მთავარი სიკეთე, რომელიც მივიღე და პირველ რიგში შემიძლია დავასახელო, არის - მოტივაცია. სხვა დანარჩენი სწორედ ამ მოტივაციის შედეგი იყო. ვგულისხმობ იმას, რომ უკეთესად დავინახე თეოლოგიის მნიშვნელობა ჩემს ინტერესებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი არჩევანის სისწორეში. მომავალი თეოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაინახოს იმ გარემოს სიცოცხლისუნარიანობა, რომელში მუშაობაც გადაწყვიტა."

გიორგი ლელუაშვილი, თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი FUCE სასწავლო გრანტით სასწავლებლად იმყოფებოდა ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში, თეოლოგიის ფაკულტეტზე. გიორგი თავის გამოცდილებაზე:

„ჩემთვის, გაცვლითი პროგრამის მთავარი სიკეთე, რომელიც მივიღე და პირველ რიგში შემიძლია დავასახელო, არის - მოტივაცია. სხვა დანარჩენი სწორედ ამ მოტივაციის შედეგი იყო. ვგულისხმობ იმას, რომ უკეთესად დავინახე თეოლოგიის მნიშვნელობა ჩემს ინტერესებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი არჩევანის სისწორეში. მომავალი თეოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაინახოს იმ გარემოს სიცოცხლისუნარიანობა, რომელში მუშაობაც გადაწყვიტა.

გაცვლითი პროგრამა აუმჯობესებს პიროვნულ უნარებს, რომლებიც შესაძლოა ნაკლებად განვითარდეს ერთ კონკრეტულ ადგილას. გარემო, რომელიც „გაიძულებს“ იყო აქტიურ კომუნიკაციაში უცნობ ადამიანებთან, სისტემატურად ილაპარაკო უცხო ენაზე, იქონიო კონტაქტები და იმუშაო შენს მინუსებზე, რომელიც ხელს გიშლის სრულ ადაპტაციაში. შედეგად ეს ყველაფერი გაქცევს ბევრად რეალიზებულ ადამიანად, ვიდრე იყავი მანამდე.

პროფესიული მიმართულებით, ვიტყოდი, რომ საკმაოდ გამიმართლა ამ უნივერსიტეტში, ვინაიდან მისი დაარსების დღიდან თეოლოგია ცენტრალური და ყველაზე წარმატებული სფეროა. შესაბამისად, უნივერსიტეტში გატარებული ყოველი დღე იყო სიახლისა და ინტერესის მომცემი, რაც მეტწილად მაღალკვალიფიციური პროფესორების დამსახურებაა. ასევე, უნდა გამოვყო სასწავლო კურსების მრავალფეროვნება. ზოგიერთი მათგანის საქართველოში გავლა ალბათ არ მომიხერხდებოდა, რადგან ჩვენთან შესაძლოა არ მოიძებნებოდეს შესაბამისი გამოცდილების სპეციალისტი. მაგალითად: კურსის „ქრისტიანობა აზიაში“ ხელმძღვანელი თავად მონაწილეობდა მისიონერულ საქმიანობებში და მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა აზია-ოკეანიის თავისებურებებს როგორც სპეციფიკურ ნიადაგს ქრისტიანობისთვის.

მიჩვევა/ადაპტაცია და შემდეგ დაბრუნების აუცილებლობა სენტიმენტებს უკავშირდება აბსოლუტურად ყველა სტუდენტისთვის. მეც მათ შორის, სხვებთან ერთად, მომენატრება ადამიანები, რომლებსაც დავუახლოვდი ხუთი თვის მანძილზე და მრავალი თავგადასავალი გადამხდა მათთან ერთად. უნივერსიტეტის, პროფესორებისა და თანაკურსელების დავიწყება პრაქტიკულად შეუძლებელია (ალბათ ამაში ძირითადი როლი მათმა სასულიერო ხარისხმა და ამასთან დაკავშირებულმა პიროვნულმა თვისებებმა ითამაშეს).

თუკი შევადარებდი სტუდენტურ ცხოვრებას საქართველოსა და ევროპაში, თავისი პლიუს-მინუსებით, ალბათ, აღსანიშნავი იქნებოდა ევროპული სწავლების მეთოდოლოგიის უპირატესობები, რაც გულისხმობს საკითხის კრიტიკულ შესწავლას, დამოუკიდებელ ანალიზს, კვლევებში განსხვავებული გზების დანახვასა და მოძიებას. შესაბამისად, სიახლე მთავარი კოზირია, ერთფეროვანი, მოსაწყენი სტუდენტობის წინააღმდეგ. აუცილებლად ხაზგასასმელია ურთიერთობის ის სასიამოვნო ატმოსფერო, რომელიც პროფესორსა და სტუდენტს შორის არსებობს: ბარიერებისა და შეზღუდვებისაგან დაცლილი, ღია და პარტნიორული დამოკიდებულება ერთმანეთთან, სადაც არ არსებობს დაყოფები. ქართველი სტუდენტების უპირატესობა კი, ალბათ ის არის, რომ საკუთარი პროფესიის მიღმა გააჩნიათ გარკვეული ცოდნა და ინტერესი სხვა სფეროებისა და პროცესების შესახებ.

გაცვლითი პროგრამები შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს, ახალგაზრდების მეშვეობით მშვიდობიანი, ტოლერანტული და ჰარმონიული საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც იწყება იმ მცირე გარემოცვით, სადაც სტუდენტებს მუდმივად უწევთ არსებობა. მათ საკუთარი გამოცდილებით ესმით რას ნიშნავს უცხოს, განსხვავებულის მიღება, ათვისება და ატანა. აქვთ მარტივად ადაპტაციის უნარი, ფლობენ უცხოსთან კომუნიკაციის უნარებს, ენასა და გამოცდილებას; კონტაქტებს, რომლებიც დაეხმარებათ მათაც და სხვა ადამიანებსაც პროფესიულ წინსვლაში, რჩევების მისაღებად და ა.შ.

სტუდენტებმა, რომლებსაც სურთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება, არ უნდა დაიშურონ შესაძლებლობები, რომლებიც ამაში ხელს შეუწყობთ. უცხოეთში გატარებული თუნდაც ერთი სემესტრი იქნება საუკეთესო ხელშემწყობი გამოცდილება სწავლის გასაგრძელებლად, უცხო კულტურის, ენისა და ადამიანების გასაცნობად და ახალი საფეხური თვითრეალიზაციის გზაზე.

დასასრულს მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი უნივერსიტეტის, საბაუნის და ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის (FUCE)  მიმართ, რომელთაც მომცეს ეს შესანიშნავი შანსი საკუთარ თავზე გამომეცადა ყველა ზემოთ ხსენებული.