ბიზნესის ფაკულტეტი

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა 2014 წელს სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე; რომელიც თავის მხრივ, უნივერსიტეტის საქმიანობის გაფართოების მიზნით, 2012 წელს ჩამოყალიბდა სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე, როდესაც შეიქმნა ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამები, რომელთაც საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2012 წლის 11 დეკემბრის №758 გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია. ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა პირველი ჩარიცხვა განხორციელდა 2013-2014 სასწავლო წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. მართალია, ფაკულტეტი ახლადდაფუძნებულია და მდიდარი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ გვაქვს ობიექტური საფუძველი აღვნიშნოთ, რომ განხორციელებადი საბაკალავრო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩართულია შესაბამისი დარგების წამყვანი, მდიდარი სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილების მქონე აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

ამასთან, სტუდენტებს უნივერსიტეტში ხვდება მყუდრო გარემო, სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მათ შორის - სათანადო ლიტერატურით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, ნებისმიერი სტუდენტისათვის ხელმისაწვდომი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები; სტანდარტებთან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც გათვალისწინებულია დამსაქმებელთა მოთხოვნები; მაღალკვალიფიციური პერსონალი, როგორც აკადემიური და მოწვეული, ისე - ადმინისტრაციული და დამხმარე; ხარისხის უზრუნველყოფის დახვეწილი მექანიზმები; სტუდენტური პროექტების (კვლევითი და სოციალური) მხარდაჭერა; საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობის ხელშეწყობა; საინტერესო საუნივერსიტეტო ცხოვრება; სწავლის, მუშაობისა და დასვენებისათვის ჯეროვანი პირობები; თანამედროვე მენეჯმენტი. ყოველივე ეს ხარისხიანი ცოდნის მიღების, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენისა და სასურველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.

ცოდნა და მონდომება წარმატების საწინდარია, ჩვენთან მიღებული განათლება კი თქვენი კარიერული წინსვლის საფუძველი გახდება, ერთობლივი ძალისხმევითა და ღვთის შეწევნით ყველაფერს შევძლებთ!