ჰუმანიტარული ფაკულტეტი

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან - 2002 წლიდან - ამზადებს ფართო პროფილის თეოლოგებს. სასწავლებლის დაარსების იდეაც ამ დარგში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტმა განაპირობა, რაც, თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნის კომუნისტური წარსულის მძიმე მემკვიდრეობის შედეგია. თავდაპირველად ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფარგლებში მხოლოდ თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მოქმედებდა, რომელიც ამჟამად გარდა ძირითადი სპეციალობის - თეოლოგიისა, დამატებით სპეციალობას - კულტურულ ტურიზმსაც ითვალისწინებს, ხოლო 2013/14 სასწავლო წლიდან ამოქმედდა ინტერკულტურული კომუნიკაცია და თარგმანის საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2012 წლის 11 დეკემბრის №759 გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია.

უნივერსიტეტს აქვს მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ევროპის მსგავსი პროფილის უნივერსიტეტებთან. პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები უკვე არაერთგზის რეალიზებული, ჩვენს საგანმანათლებლო პრაქტიკაში კარგად დამკვიდრებული რეალობაა.

საქართველოს ახალგაზრდების სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისათვის ხელის შეწყობა ჩვენი მთავარი ამოცანაა. უნივერსიტეტი განათლების მიღების მსურველებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს: ევროპული დონის შენობა-ნაგებობა დედაქალაქის ცენტრში, მშვიდი და კომფორტული გარემო, მდიდარი ბიბლიოთეკა, სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ნებისმიერი სტუდენტისათვის ხელმისაწვდომი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები; სტანდარტებთან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც გათვალისწინებულია დამსაქმებელთა მოთხოვნები; მაღალკვალიფიციური პერსონალი, როგორც აკადემიური და მოწვეული, ისე - ადმინისტრაციული და დამხმარე; ხარისხის უზრუნველყოფის დახვეწილი მექანიზმები; სტუდენტური პროექტების (კვლევითი და სოციალური) მხარდაჭერა; საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის/ჩართულობის ხელშეწყობა/შესაძლებლობა; საინტერესო საუნივერსიტეტო ცხოვრება; სწავლის, მუშაობისა და დასვენებისათვის ჯეროვანი პირობები; თანამედროვე მენეჯმენტი. ყოველივე ეს საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა, გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და მიაღწიოთ სასურველ მიზანს.

ცოდნა და მონდომება წარმატების საწინდარია, ჩვენთან მიღებული განათლება კი თქვენი კარიერული წინსვლის საფუძველი გახდება, ღვთის შეწევნითა და ერთობლივი ძალისხმევით!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!