სამართლის ფაკულტეტი

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტი 2009 წელს ჩამოყალიბდა. სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი მიღება 2010–2011 სასწავლო წლიდან განხორციელდა. ხოლო 2012 წელს, უნივერსიტეტის საქმიანობის გაფართოების მიზნით, ჩამოყალიბდა სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტი, შეიქმნა ბიზნესის ადმინისტრირებისა /მენეჯმენტი/ და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამები, რომელთაც საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2012 წლის 11 დეკემბრის №758 გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია. მართალია, ფაკულტეტი ახლადდაფუძნებულია და მდიდარი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ გვაქვს საფუძველი აღვნიშნოთ, რომ საბაკალავრო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩართულნი არიან შესაბამისი დარგების წამყვანი, მდიდარი სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

სტუდენტებს უნივერსიტეტში ხვდებათ მყუდრო გარემო, სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მათ შორის - სათანადო ლიტერატურით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, ნებისმიერი სტუდენტისათვის ხელმისაწვდომი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები; სტანდარტებთან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც გათვალისწინებულია დამსაქმებელთა მოთხოვნები; მაღალკვალიფიციური პერსონალი, როგორც აკადემიური და მოწვეული, ისე - ადმინისტრაციული და დამხმარე; ხარისხის უზრუნველყოფის დახვეწილი მექანიზმები; სტუდენტური პროექტების (კვლევითი და სოციალური) მხარდაჭერა; საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის/ჩართულობის ხელშეწყობა/შესაძლებლობა; საინტერესო საუნივერსიტეტო ცხოვრება; სწავლის, მუშაობისა და დასვენებისათვის ჯეროვანი პირობები; თანამედროვე მენეჯმენტი. ყოველივე ეს საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა, გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და მიაღწიოთ სასურველ მიზანს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცოდნა და მონდომება წარმატების საწინდარია, ჩვენთან მიღებული განათლება კი თქვენი კარიერული წინსვლის საფუძველი გახდება, მთავარია ნება და ძლიერი სურვილი!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!