ხშირად დასმული კითხვები

როგორ ხდება სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ჩაბარება?

უნივერსიტეტში ჩაბარება და სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად, აბიტურიენტთა რანჟირების შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე. 

გასცემს თუ არა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს?

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, უნივერსიტეტში მოქმედი ყველა პროგრამა აკრედიტებულია. შესაბამისად, სახელმწიფო აღიარებს უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომს.

 

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომით შესაძლებელია თუ არა სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ?

დიახ, შესაძლებელია. უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი სახელმწიფოს მიერ აღიარებულია. საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტუდენტმა უნდა მიმართოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დიპლომის ნამდვილობის დასადასტურებლად.

რას ნიშნავს აკრედიტებული პროგრამა?

პროგრამის აკრედიტაცია გულისხმობს სახელმწიფოს მიერ  დადგენილ სტანდარტებთან  საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას, რაც სპეციალური გარე შეფასების პროცედურით ხორციელდება. ასეთ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს, არააკრედიტებულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტისაგან განსხვავებით, უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო გრანტი.

უნივერსიტეტში მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია.

 

რას ნიშნავს აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია?

ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს უნივერსიტეტში ჩასარიცხად ან შემდეგ სემესტრში სწავლის გასაგრძელებლად დადგენილი პროცედურების გავლას (საბუთების წარმოდგენა, სწავლის საფასურის გადახდა). აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს საგანამანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებზე სტუდენტის დარეგისტრირებას.

რა არის კრედიტი?

კრედიტი გამოხატავს სტუდენტის მიერ ერთი სასწავლო კურსის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას გამოხატულს საათებში. ერთი კრედიტი მოიცავს სტუდენტის სასწავლო დატვირთვას 25 ასტრონომიული საათის განამავლობაში. სასწავლო კურსში დამაკმაყოფილებელი შეფასების მიღებისას (100 ქულიდან 51 ქულა მაინც), სტუდენტი მოიპოვებს კრედიტს.

რა არის თავისუფალი კრედიტი (არასპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსი) და მისი არჩევის პრინციპი?

„საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში (გარდა სამართლის საბაკალავრო პროგრამისა) შეთავაზებული არასპეციალობის და სპეციალობის  არჩევითი სასწავლო კურსები ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს. სტუდენტს შეუძლია ამ არჩევითი კურსების ნაცვლად აირჩიოს სხვა სასწავლო კურსი სასწავლო უნივერსიტეტში განხორციელებადი ნებისმიერი სხვა საბაკალავრო პროგრამიდან (ანუ აიღოს „თავისუფალი კრედიტები“). არჩევის ერთადერთი შეზღუდვაა სასწავლო კურსის გავლის წინაპირობის (პრერეკვიზიტის) დაკმაყოფილება. თავისუფალი კრედიტების ოდენობა განისაზღვრება ყველა პროგრამის სასწავლო გეგმით და შეიძლება იყოს პროგრამის არჩევითი ნაწილის მოცულობის ტოლი“.

ერთი სასწავლო წლის/სემესტრის განმავლობაში რამდენი კრედიტის აღების უფლება აქვს სტუდენტს?

ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია დარეგისტრირდეს 60 ან მეტ, არაუმეტეს 75 კრედიტის შესაბამის სასწავლო კურსებზე. 

ერთი სემესტრის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია დარეგისტირდეს 30 ან მეტ, არაუმეტეს 45 კრედიტის შესაბამის სასწავლო კურსებზე, თუ ამის შედეგად  მისი წლიური დატვირთვა არ იქნება 75 კრედიტზე მეტი.

დამამთავრებელი სემესტრის/სასწავლო წლის სტუდენტები, სემესტრში შეიძლება დარეგისტრირდნენ ნაკლები ან მეტი კრედიტის (მაგრამ არაუმეტეს სემესტრში 45 კრედიტისა) სასწავლო კურსებზე, თუ ამის შედეგად  მათი წლიური დატვირთვა არ იქნება 75 კრედიტზე მეტი.

სასწავლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის დატვირთვა იყოს 60 კრედიტზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არაუმეტეს წელიწადში 75 კრედიტისა.

რამდენია ერთი სასწავლო კურსის ღირებულება?

სასწავლო კურსის ღირებულება განისაზღვრება სწავლის წლიური საფასურისა და  სასწავლო კურსის კრედიტის ოდენობით.  მაგალითად: თუ თქვენი სწავლის წლიური საფასური არის 2500 ლარი, ერთი კრედიტის ღირებულება იქნება 2500/60=41,7 ლარი. შესაბამისად თუ სასწავლო კურსი არის პირობითად 3 კრედიტიანი, კურსის ღირებულება იქნება 41,7X3=125,1 ლარი.

რა შემთხვევაში აქვს სტუდენტს შუალედური ან დასკვნითი გამოცდის აღდგენის უფლება?

საპატიო მიზეზის არსებობის (როგორიცაა: ავადმყოფობა, მშობიარობა, უბედური შემთხვევა, ოჯახის წევრის გარდაცვალება: დედა, მამა, და, ძმა, შვილი, მეუღლე, ბებია, ბაბუა; ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით, უნივერსიტეტის სახელით კულტურულ-სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა) შემთხვევაში. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში გამოცდის აღდგენა უფასოა. არასაპატიო მიზეზით გაცდენილი დასკვნითი ან შუალედური გამოცდის აღდგენა შესაძლებელია სათანადო საზღაურის გადახდის შემთხვევაში, რომლის ოდენობას ყოველწლიურად ადგენს რექტორი სპეციალური ბრძანებით.

რა განსხვავებაა სტუდენტის სტასუსის „შეჩერებასა“ და „შეწყვეტას“ შორის?

სტუდენტის სტატუსის შეჩერება გულისხმობს უნივერსიტეტისა და სტუდენტის ურთიერთსანაცვლო უფლებებისა და მოვალეობებისაგან დროებით, მაგრამ არაუმეტეს 5 წლით განთავისუფლებას.

სტატუსის შეწყვეტა გულისხმობს უნივერსიტეტისა და სტუდენტის ურთიერთსანაცვლო უფლებებისა და მოვალეობებისაგან განთავისუფლებას სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსით აღდგენის შესაძლებლობის გარეშე. სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში სტატუსი ჯერ კიდევ შეჩერებულად ითვლება და სტუდენტმა უნდა იზრუნოს ამ დროის განმავლობაში მობილობის წესით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლაზე.

სწავლის შეწვეტის შემთხვევაში დაუბრუნდება თუ არა სწავლის საფასური სტუდენტს?

საწავლო წლის რეგისტრაციიდან სწავლის დაწყებამდე პერიოდში სტუდენტის მიერ სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში სტუდენტს უნაზღაურდება სწავლის წლიური საფასურის 2/3. სტუდენტს, რომელიც სწავლას შეწყვეტს სასწავლო წლის დაწყებამდე 3 კვირის განმავლობაში, უნაზღაურდება სწავლის საფასურის ნახევარი. სასწავლო სლის დაწყებიდან 3 კვირის გასვლის შემდეგ სტუდენტი კარგავს გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნის და/ან მისი შემდეგ სასწავლო წელს/სემესტრში გამოყენების უფლებას. სტუდენტს, რომლებთანაც უნივერსიტეტი აუქმებს ხელშეკრულებას დისციპლინური ქცევის წესების დარღვევის გამო, გადასახადი არ უბრუნდებათ.

რა შემთხვევაში შეუძლია სტუდენტს აკადემიური შვებულების აღება?

აკადემიური შვებულების აღების საფუძველია: ავადმყოფობა, რომელიც შეუძლებელს ხდის სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობას, რაც უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად; საცხოვრებლად საზღვარგარეთ გამგზავრება: უცხო ქვეყანაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა; კულტურის, სპორტის სფეროში მოღვაწე სტუდენტების საქართველოს, რეგიონალურ და/ან საერთაშორისო ტურნირებში, კონკურსებში და შეჯიბრებებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ შეკრებებში, მოსამზადებელ ტურნეებში მონაწილეობა, რაც შეუძლებელს ხდის სასწავლო პროცესში სტუდენტის მონაწილეობას; სხვა საფუძველი, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის სტუდენტის მიერ სწავლის გაგრძელებას მიმდინარე ან მომავალი სემესტრის განმავლობაში.

 

აკადემიური შვებულების აღების შემთხვევაში ენახება თუ არა სტუდენტს სწავლის საფასური?

სწავლის საფასური ენახება შემდეგ სასწავლო სემესტრზე/წელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა უნივერსიტეტისადმინისტრაციას შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართა სასწავლო წლის/სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს 3კვირისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, აკადემიური შვებულების აღების შემთხვევაში, სტუდენტს სწავლის საფასური არ ენახება (იგი კარგავს გადახდილი თანხის მომდევნო სემესტრ(ებ)ში გამოყენების უფლებას).

რა არის მობილობა?

მობილობა არის სტუდენტისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, თავად გადაწყვიტოს, თუ რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე და დაწესებულებაში გააგრძელებს სწავლას. ამდენად, მობილობა არის ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორეში, ან/და ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის მეორე პროგრამაზე გადასვლა.“

მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში.

შიდა მობილობის ფარგლებში, ინფორმაცია ვაკანტური ადგილების, ასევე შიდა მობილობის ვადების შესახებ განისაზღვრება რექტორის აქტით.

 

როდის შეუძლია სტუდენტს ისარგებლოს შიდა მობილობის უფლებით?

შიდა მობილობით სარგებლობის უფლება სტუდენტს აქვს სწავლების ერთი სემესტრის დასრულების შემდეგ. შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში.

შიდა მობილობით გადასვლის შემთხვევაში შეუნარჩუნდება თუ არა სტუდენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი?

უნივერსიტეტის შიგნით ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან მეორეზე გადასვლის შემთხვევაში სტუდენტს შეუნარჩუნდება სახელმწიფო სასწავლო გრანტი სწავლის საფასურის ფარგლებში.

რა შემთხვევაში დაენიშნება სტუდენტს სტიპენდია?

სტუდენტებს, რომელთა შეფასება სემესტრში გავლილ თითოეულ სასწავლო კურსში არ არის 90 ქულაზე ნაკლები, მიეცემათ სემესტრული სტიპენდია. ამასთანავე, სემესტრში მოპოვებული კრედიტების რაოდენობა არ უნდა იყოს 27-ზე ნაკლები. ყოველი სასწავლო წლისათვის სტიპენდიის ოდენობას ადგენს უნივერსიტეტის რექტორი.

 

არსებობს თუ არა უნივერსიტეტში სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სოციალური შეღავათები?

დიახ, არსებობს. უნივერსიტეტში შექმნილია სოციალურ საკითხთა კომისია, რომელიც განიხილავს სტუდენტის მძიმე ოჯახურ, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სწავლის საფასურის გადახდის განწილვადების ან/და შემცირების თაობაზე საკითხებს.

რა შემთხვევაში გაიცემა ე.წ. „წითელი“ დიპლომი?

სტუდენტზე, რომელსაც საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ დაგროვილი 240 კრედიტიდან 85 %-ში (ანუ 204 კრედიტი) აქვს შეფასება „A“, ხოლო დანარჩენ კრედიტებში არანაკლებ B შეფასება, გაიცემა წარჩინების დიპლომი.