22 ივნისი
დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები სასწავლო პრაქტიკისა და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმს ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და უნივერსიტეტის რექტორმა ვაჟა ვარდიძემ მოაწერეს ხელი. 

მემორანდუმის მიზანი სტუდენტების სამომავლო დასაქმებისთვის საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა,  პრაქტიკის გავლა და კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველყოფაა. სასწავლო პრაქტიკას უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების 12 სტუდენტი გაივლის, რომლებსაც უნივერსიტეტი თავად შეარჩევს. სტუდენტები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საქმიანობასა და სხვადასხვა პროგრამის მიმდინარეობასაც გაეცნობიან, დაინტერესების შემთხვევაში კი აქტივობების ორგანიზებაშიც ჩაერთვებიან.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ძირითადი საქმიანობა დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა, რისკ ჯგუფებთან მუშაობა და პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებაა. ცენტრის მუშაობის ძირითადი პროგრამები და მიმართულებებია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგადი მენეჯმენტი, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მუშაობა და პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისებას და სხვა.

ცენტრის წარმომადგენლებმა მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაატარეს სტუდენტებთან - სადაც უშუალოდ ისაუბრეს არა მხოლოდ მემორანდუმის პირობებზე, არამედ გააცნეს ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და პრინციპები.