05 ნოემბერი
ტრენერთა ტრენინგი და STAR ის მორიგი სამუშაო შეხვედრა თბილისი/ჟანიანგი

2018 წლის 16-18 ოქტომბრის ჩათვლით სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი დაესწრო ტრენერთა ტრეინინგს,რომელიც გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტში ერასმუს+ KA2 “STAR” პროექტის ფარგლებში. ტრენინგს ესწრებოდნენ საბაუნის აკადემიური პერსონალი: ნაზიბროლა ჩინჩალაძე, თამთა მიქაბერიძე, მარინე თავართქილაძე, ნანა ციხისთავი, შორენა გოგიაშვილი, ეკატერინე ნაცვლიშვილი, გვანცა აბდალაძე და ადმინისტრაციიდან ნათია შეყილაძე და შორენა პარუნაშვილი.
პროექტის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის STAR“ მთავარი მიზანია პროექტში მონაწილე საქართველოსა და ჩინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებზე მორგებული სწავლების თანამედროვე მეთოდების და გამოცდილებების თავმოყრა ერთ სახელმძღვანელოდ, გამოცდილებების გაზიარება და უნივერსიტეტებში ამ მეთოდების დანერგვა. პროექტის მიმდინარეობის დიდი დრო დაეთმო სახელმძღვანელოს შექმნას, ხოლო შემდეგი ეტაპი, ამ მეთოდების გაზიარება და ტრენინგებია ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებში. ტრენინგებში მონაწილე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი საბაუნიში ახლად დაფუძნებული უწყვეტი პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე პერიოდულად ჩაატარებს ტრენინგებს აკადემიური პერსონალისათვის და გაუზიარებს მათ მიღებულ გამოცდილებას.
ტრენინგები ჩატარდა ორ ნაწილად: ადმინისტრაციული პერსონალისათვის ჩატარებული ტრენინგი ეხებოდა უწყვეტი განვითარების ცენტრის (CPD) ჩამოყალიბებას, მის მუშაობას და უნივერსიტეტებისათვის მის საჭიროებას. ხოლო, აკადემიური პერსონალისათვის ჩატარებული ტრენინგი - უშუალოდ სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარებულ ტრენინგებს წინ უძღვოდა ონლაინ ტრენინგი, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პროექტის ფარგლებში შემუშავებულ სახელმძღვანელოს, გაცნობოდნენ სხვა მონაწილეებს და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება.
ტრენინგებს უძღვებოდნენ პროექტის კონსორციუმში შემავალი უნივერსიტეტების წარმომადგენლები (კოიმბრას უნივერსიტეტი (პორტუგალია), რუსას უნივერსიტეტი (ბულგარეთი).
ტრენინგები გაიმართა პროექტის რიგით მე 4 შეხვედრის ფარგლებში, რომელიც დაგეგმილი იყო 15 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით. შეხვედრის ბოლო დღე დაეთმო პროექტის მონაწილეების მიერ ერთი კვირის შეჯამებას და პროექტის რიგით მეოხუთე შეხვედრის დაგეგმვას, რომელიც 22 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა ჩინეთის ქალაქ ჟანიანგში.
ჩინეთში გამართულ შეხვედრაზე პირველი დღე დაეთმო შუალედურ კონფერენციას, სადაც პროექტში ჩართულმა მხარეებმა ისაუბრეს პროექტის მსვლელობასა და მის ფარგლებში შესრულებულ საქმეზე. ამავე შეხვედრაზე გაიმართა ჩინეთის უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ტრენინგი.
აღნიშნულ შეხვედრას წინ უსწრებდა სამუშაო შეხვედრები მასარიკის უნივერსიტეტში (ბრნო, ჩეხეთი), რუსას უნივერსიტეტსა (რუსა, ბულგარეთი) და კოიმბრას უნივერსიტეტში (კოიმბრა, პორტუგალია). პროექტი „STAR“ დაიწყო 2016 წლის 15 ოქტომბრიდან და დასრულდება 2019 წლის ოქტომბერში.