01 მარტი
STAR პროექტის შეხვედრა მასარიკის უნივერსიტეტში

2019 წლის 25 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, შორენა პარუნაშვილი და ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსი, ნათია შეყილაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მასარიკის უნივერსიტეტში (ბრნო, ჩეხეთი), რომელმაც უმასპინძლა საერთაშორისო პროექტის „STAR” რიგით მე-6 შეხვედრას. შეხვედრას ესწრებოდა პროექტში ჩართული ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების ერთმანეთისათვის გაცნობა, გამოცდილებისა და საინტერესო პრაქტიკის გაზიარება და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა.

ნათია შეყილაძე, ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსი ასე აფასებს ამ შეხვედრას: “პროექტის შეხვედრა ბრნოში განსხვავებული იყო წინა შეხვედრებისგან, რადგან ამ ეტაპზე პარტნიორმა ქვეყნებმა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები გავუზიარეთ

ერთმანეთს. ქართულმა და ჩინურმა უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს საკუთარი მოდელი, პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, როგორ ჩამოაყალიბეს პროფესიული განვითარების ცენტრი უნივერსიტეტში, მისი სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულები. პროფესიული განვითარების ცენტრი მიზნად ისახავს პროექტის ძირითადი შედეგის მიღწევაში ხელშეწყობას, რაც სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას გულისხმობს. მოცულობითი იყო ლექტორების გადამზადების კუთხით ორივე პარტნიორი ქვეყნის მიერ განხორციელებული აქტივობები. ჩატარებული ტრენინგები ზრდის ლექტორების მიერ სასწავლო პროცესში სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას. ივნისის თვეში კი სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყნებით მიღებულ შედეგებს გავუზიარებთ ერთმანეთს” .

შორენა პარუნაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი: „მასარიკის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რამეთუ ვისაუბრეთ პროექტით გათვალისწინებულ და განხორციელებულ ღონისძიებებზე. პროექტის მიზანი, მისი სახელწოდებიდან გამომდინარე არის თანამედროვე სწავლების მეთოდების (სტუდენტზე ორიენტირებული მეთოდების) ცნობადობის ამაღლება საზოგადოებაში და მისი დანერგვა სასწავლო პროცესში. ევროპის უნივერსიტეტებში დიდი ხანია რაც ეს მეთოდები დანერგილია და წარმატებით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის გამოყენებით, მაშინ როდესაც საქართველოსა და ჩინეთში განსხვავებული რეალობა გვაქვს. ორივე ეს ქვეყანა ამ მეთოდების გაცნობისა და იმპლემენტაციის საწყის ეტაპზეა. საინტერესო იყო ჩინური მხარის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები, მათი ხედვები ამ მეთოდების დანერგვისა და მდგრადობის შესახებ. ასევე, ვისაუბრეთ ონლაინ პლატფორმის შესახებ, რომელზეც განთავსდება როგორც სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე ინფორმაციები ცალკეული მეთოდების შესახებ, ონლაინ წყაროების მითითებით. პლატფორმაზე ასევე შესაძლებელი იქნება ფორუმის ტიპის კითხვა/პასუხები, სადაც დაინტერესებული პირები მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური პირებისაგან (ევროპელი პარტნიორებისაგან და არა მარტო). ონლაინ პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე სემესტრის დასასრულს.“

შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო კულტურული ღონისძიებები: ქალაქის ტური, მიწისქვეშა ლაბირინთი და მენდელის (გენეტიკის ფუძემდებელის) მუზეუმის მონახულება.

Erasmus+ აქტივობა 2 ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის (STAR “Sustainable Learner Centered Teaching – Advance Resource for Georgia and China) 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების სახელმძღვანელო, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ხუთ მეთოდზე: ამოცანაზე დაფუძნებული სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, აღმოჩენებზე დაფუძნებული სწავლება და სასწავლო კონტრაქტი. სახელმძღვანელოში გარდა მეთოდების აღწერისა, მოყვანილია საუკეთესო მაგალითები აღნიშნულ მეთოდებზე.

მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც ყველა მხარე წარმოადგენს ანგარიშს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და მეთოდების დანერგვის გამოცდილებას.

სახელმძღვანელო ინგლისურ ენაზე