10 მაისი
საერთაშორისო კონფერენცია „ერთნი ნათლობაში“

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, მ. გაბრიელე ბრაგანტინიმ და თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა, მარიამ დოღონაძემ მონაწილეობა მიიღეს ვენაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციასა და სტუდენტურ კვირეულში, რომელიც 23 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით ჩატარდა იოანე დამასკელის სახელობის სტუდენტურ სახლში (ვენა, ავსტრია).

საღვთისმეტყველო კონფერენციისა და სტუდენტური კვირეულის სამუშაო თემა იყო – „ერთნი ნათლობაში“. კონფერენციასა და სტუდენტურ კვირეულში მონაწილეებს ოფიციალური წერილით მიესალმა ემერიტუსი პაპი ბენედიქტე XVI.

კონფერენციისა და კვირეულის თემა იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის არსებული პრობლემები/უთანხმოება, აქცენტი გაკეთდა „გადანათვლის პრაქტიკაზე“, არსებული სიტუაცია და ეკლესიების პოზიციები ამ თემასთან დაკავშირებით. მ. გაბრიელემ გააკეთა მოხსენება თემაზე: რატომ წერია მრწამსში „ვაღიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა“?! კონფერენციაზე წარმოდგენილნი იყვნენ თეოლოგები და თეოლოგიური ფაკულტეტების სტუდენტები გერმანიიდან, ირლანდიიდან, საქართველოდან და უკრაინიდან.

კონფერენციაზე გამომსვლელთა მოხსენებები იოანე დამასკელის სახელობის სტუდენტური სახლის მიერ ქართულ და გერმანულ ენებზე გამოიცემა.

„მადლიერი ვარ, რათა მქონდა საშუალება მონაწილეობა მიმეღო ასეთი მაღალი დონის შეხვედრაში და მესაუბრა პრობლემურ თემაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ პროფესორებთან და სტუდენტებთან. ვფიქრობ, ასეთი სახის შეხვედრები და საერთო მიგნებების ძიება ხელს შეუწყობს კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ხიდჩატეხილობის აღდგენასა და ერთმანეთთან დაახლოებას“ - მარიამ დოღონაძე, საბაუნის სტუდენტი.

რიგით მეორე ქართულ-გერმანულ საღვთისმეტყველო კონფერენცია ვენის იოანე დამასკლელის სახელობის სტუდენტური სახლის დამფუძნებლების თეოლოგიის დოქტორის, გივი ლომიძესა  და პროფესორი მიხაელა ჰაშთეთერის ორგანიზებით გაიმართა.

ქართულ-გერმანული საერთაშორისო კონფერენცია და სტუდენტური სასწავლო კვირეული მომავალ წელსაც გაიმართება.