11 ივნისი
პროექტ STAR ის შემაჯამებელი შეხვედრა

Erasmus+ KA2 პროექტი “სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის” დასასრულს უახლოვდება, ამასთან დაკავშირებით 2019 წლის 3-7 ივნისს  ჩატარდა პროექტის რიგით მე-7 სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროექტის შეჯამება, შედეგების გაზიარება/პრეზენტაცია, დასკვნითი ანგარიშისათვის მომზადება და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების სახელმძღვანელო ინგლისურ, ქართულ და ჩინურ ენებზე (პასუხისმგებელი რუსეს უნივერსიტეტი, ბულგარეთი), დაფუძნდა პარტნიორ უნივერსიტეტებში (საქართველოს და ჩინეთის) უწყვეტი განათლების ერთეულები და ჩატარდა ტრენინგები აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის (პასუხისმგებელი კოიმბრას უნივერსიტეტი, პორტუგალია), შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, სადაც დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც სახელმძღვანელო და თითოეული უნივერსიტეტის გამოცდილება სწავლების მეთოდებზე (ვიდეო ლექციები, რეკომენდაციები), ასევე, საშუალება ექნება ფორუმის რეჟიმში მიიღოს დამატებითი ინფორმაცია დარგის სპეციალისტებისაგან (პასუხისმგებელი საქართველოს უნივერსიტეტი). სწორედ, პროექტის შედეგებს მიეძღვნა 4 ივნისს გამართული დასკვნითი კონფერენცია, სადაც თითოულმა უნივერსიტეტმა წარადგინა პროექტის მთავარი პროდუქტის იმპლემენტაციის შედეგები.

შეხვედრების ბოლო დღეს პროექტის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, სადაც სტუმრებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ვაჟა ვარდიძე და ვიცე რექტორი, პროფ. დიმიტრი გეგენავა. ჩინელ და ჩეხ კოლეგებს შეხვდნენ ასევე ფაკულტეტის დეკანები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

პროექტის შეხვედრას, რომელსაც უმასპინძლა საქართველოს უნივერსიტეტმა, ესწრებოდა პროექტში ჩართული ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელი: მასარიკის უნივერსიტეტი (კოორდინატორი, ჩეხეთი), კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯი (დანია), კოიმბრას უნივერსიტეტი (პორტუგალია), რუსეს უნივერსიტეტი (ბულგარეთი), საბაუნი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩინეთის ხუთი უნივერსიტეტი,

პროექტი მესამე წელია რაც მიმდინარეობს და მიმდინარე წლის ოქტომბერში სრულდება.