კონფერენცია "საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორი კავკასიაში"

ოქტომბერი 18, 2013

2013 წლის 10 ოქტომბერს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორი კავკასიაში“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი და კათოლიკური აკადემიური გაცვლითი სამსახურის (KAAD) საქართველოს წარმომადგენლობა. კონფერენციაში მომხსენებელთა შორის იყვნენ KAAD სტიპენდიანტები როგორც საქართველოდან, ასევე სომხეთის რესპუბლიკიდან, საგანგებოდ მოწვეული პროფესორები და მკვლევარები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და ორგანიზაციებიდან. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვითუნივერსიტეტის რექტორთან ერთად მიმართეს უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ და KAAD-ს პრეზიდენტმა, პროფესორმა ალბერტ ფრანცმა.

წაკითხული მოხსენებები ხასიათის მიხედვით შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფის მოხსენებები დაკავშირებული იყო საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე კავკასიის რეგიონში, კონკრეტული ორგანიზაციების აქტივობების მაგალითზე. განსაკუთრებით საყურადღებო იყო საქართველოში გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) კოორდინატორის ელიზაბედ ვენორის მოხსენება, რომელმაც აღწერა DAAD -ეს საქმიანობის შედეგები და სამომავლო პოლიტიკა .

მოხსენებათა მეორე ჯგუფში ყურადღება გამახვილდა აკადემიური თანამშრომლობის მნიშველობაზე კავკასიის რეგიონისათვის. ხაზი გაესვა რეგიონში არსებულ აქტუალურ პრობლემატიკას, იქნება ეს სამშვიდობო პოლიტიკა, რეგიონალური, ეკოლოგიური, ეკონომიური თუ კულტურული საკითხები. ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (საქართველო) და ზაალბრუკენის (გერმანია) უნივესიტეტის თანამშრომლობის ისტორიის მაგალითზე საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსმა, ჰანს იოაკიმ კიდერლენმა წარმოაჩინა ის საჭირო ასპექტები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს უნივერსიტეტთაშორისო სამომავლო თანამშრომლობისას . ამასთანავე სომეხი და ქართველი მომხსენებელთა მიერ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის აკადემიური წრეების მეტ ურთიერთანამშრომლობის საჭიროებას.

მოხსენებათა მესამე ჯგუფს მეტად ბიოგრაფიული ხასიათი ჰქონდა, რომლებიც მოწმობდნენ არა მხოლოდ იმას თუ რა საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება აკადემიურ სტიპენდიებს შემდგომი აკადემიურ კარიერულ ზრდაში, არამედ რამდენად ამდიდრებს სტიპენდიანტთა სამეგობრო და პიროვნული განვითარების არეალს. მსგავსი მოხსენებებით გამოვიდნენ როგორც საქართველოს ასევე სომხეთის წარმომადგენლები. ყოველი მოხსენების ბოლოს იმართებოდა კითხვა-პასუხი.

აღნიშნულ კონფერენციის განსაკუთრებული მნიშვნელობა საინტერესო თემატიკის განხილვის გარდა მდგომარეობდა, ყოფილ სტიპენდიანტთა ერთობლივ შეკრებაში, რაც სამომავლოდ ამტკიცებს/აძლიერებს კურსდამთავრებულთა ქსელს და ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთდახმარების პერსპექტივებს.

მოხსენებათა სესია დასრულდა მცირე კლასიკური მუსიკის კონცერტით, რომელიც შეასრულეს კონსერვატორიიდან მოწვეულმა მუსიკოსებმა.

კონფერენციის მეორე დღე დაეთმო უცხოელი სტუმრებისათვის საქართველოს ძველი დედაქალაქის, მცხეთის მონახულებას.

ფოტოები