შეხვედრა უცხოელ სტუმართან

სექტემბერი 9, 2014

კვირის ბოლოს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ვატიკანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი ესტუმრება. 13 სექტემბერს 11 საათზე მთავარეპისკოპოსი მამბერტი მოწვეული იქნება სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც იგი ისაუბრებს თემაზე: ეკლესიის როლი განათლებასა და კულტურაში.

მთავარეპისკოპოსი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. 15 სექტემბერს შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება.

ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

„ეს ვიზიტი საქართველოსა და ვატიკანის შემდგომი ურთიერთობების გაძლიერებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ეს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში“,-- განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა.

დომინიკ ფრანსუა ჯოზეფ მამბერტი (Dominique Franois Joseph Mamberti) დაიბადა 1952 წელს მაროკოში, 1981 წლის 20 სექტემბერს ხელდასხმულ იქნა აიაჩოს (საფრანგეთი) ეპარქიის მღვდლად. ფლობს სამოქალაქო და კანონიკური სამართლის აკადემიურ ხარისხს. სხვადასხვა დროს მუშაობდა წმ. საყდრის სამოციქულო ნუნციატურაში ალჟირში, ჩილესა და ლიბანში, ასევე, გაეროს შტაბში წმიდა საყდრის ოფისში, ნიუ იორკში და ბოლოს წმიდა საყდრის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში.

მთავარეპისკოპოსი მამბერტი მიჩნეულია ლათინური ამერიკის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური ქვეყნების ექსპერტად.