12 ივლისი
საბაუნის ხელმძღვანელი პირების ვიზიტი ნოტრდამის უნივერსიტეტში, აშშ

8-15 ივლისს, ნოტრდამის უნივერსიტეტთან არსებული ნანოვიჩის ევროპული კვლევების ინსტიტუტში (ინდიანა, აშშ) მიმდინარეობს რიგით მე-8 ყოველწლიური ლიდერთა სასერტიფიკატო პროგრამა, რომელშიც საბაუნის რექტორი პროფესორი ვაჟა ვარდიძე და კანცლერი ვლადიმერ სახელაშვილი მონაწილეობენ.

ლიდერთა პროგრამას ესწრება 53 ხელმძღვანელი პირი მსოფლიოს 20 ქვეყნიდან, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები პოლონეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან და ხორვატიიდან, საქართველოდან საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობას იღებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. ღონისძიებას ასევე ესწრებიან საგანმანათლებლო სფეროს ხელმძღვანელები სხვადასხვა ამერიკული უნივერსიტეტებიდან, აზიიდან, ავსტრალიიდან.

პროგრამის მონაწილეები მსჯელობენ საუნივერსიტეტო ადმინისტრირების ისეთ პრაქტიკულ ასპექტებზე, როგორიცაა: ცვლილებების მენეჯმენტი, ინსტიტუციური შეფასების ეფექტური სისტემები და სტრატეგიული დაგეგმარების სპეციფიკა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის. საინფორმაციო სესიებზე პროგრამის მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთი უნივერსიტეტების მართვის პრაქტიკულ გამოცდილებას.

ნოტრდამის უნივერსიტეტის ლიდერთა პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მსოფლიოს მასშტაბით, უფრო ეფექტურად და ეფექტიანად განახორციელონ საუნივერსიტეტო საქმიანობა და წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნების საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში.