14ოქტ,2019
რექტორი საერთაშორისო კონფერენციაზე
საბაუნის რექტორმა, პროფ. ვაჟა ვარდიძემ მონაწილეობა მიიღო რიგით XIX საერთაშორისო კონფერენციაში „ გამოწვევები ახალი ევროპისათვის“, რომელიც გაიმართა 2019 წლის 11-12 ოქტომბერს ქალაქ კრაკოვში (პოლონეთი). ორდღიანი კონფერენცია ხუთ თემატურ პანელად იყო გაყოფილი, სადაც მომხსენებლები დებატების ფორმატში განიხილავდნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: „რელიგიური თავისუფლება როგორც გამოწვევა ევროპელი პოლიტიკოსებისათვის“, „ახალი ევროპული საზოგადოება ბრექსიტის შემდეგ“, „პოპულიზმი ევროპაში - ურთიერთობა მოქალაქეებსა და ელიტებს შორის“, „ევროკავშირის საერთო ეკონომიკური მოდელი?“ და „ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპა -ერების შემოდგომის სამი ათწლეულის შემდეგ“.
საბაუნის რექტორი მონაწილეობას იღებდა პოპულიზმისადმი მიძღვნილ პანელში ივო ბელეტთან ( ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, ბელგია) და მარჩინ ზაბოროვსკისთან (საგარე საქმეთა პოლონური ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი) ერთად.
კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობენ აკადემიური წრეების წარმოამდგენლები, საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები (განსაკუთრებით ევროკომიიდან და ევროპარლამენტიდან), ჟურნალისტები და სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენლები. მიმდინარე წელს მონაწილეთა შორის იყვნენ: ელჟბეტა ბიენკოვსკა (ევროკომისია), მაირედ მაკგუინესი (ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტი, ირლანდია) იაცეკ მაიროვსკი (კრაკოვის მერი), ბრონისლავ კომოროვსკი (პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი), ჟაკ სანტერი (ევრო კომისიის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ შუმანის ფონდი ლუქსემბურგში), იან ტომბინსკი (ვატინაკში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი).
კონფერენცია ორგანიზებულია კრაკოვის იოანე-პავლე მეორის პონტიფიკური უნივერსიტეტის, პოლონეთის კონრად ადენაურებისა ფონდის და ლუქსემბურგის რობერტ შუმანის ფონდების მიერ.
კონფერენციას რექტორთან ერთად ესწრებოდა საბაუნის იურისტი, თამთა თავართქილაძე.