15მაი,2020
სამართლის ფაკულტეტმა ამერიკული გრანტი მოიპოვა
საბაუნის სამართლის ფაკულტეტმა გაიმარჯვა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) - მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულება“.
პროექტში ასევე ჩართულები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტებიც.
პროექტი უნიკალურია თავისი არსით, რადგან შეიქმნება სამი ახალი სასწავლო საგანი: „შშმ პირების სამართალი“, „ანტიდისკრიმინაციული სამართალი“ და „თანასწორობის უფლებათა დაცვა“. ამათგან პირველი ორი საგანი გათვალისწინებული იქნება სამართლის საბაკალავრო პროგრამაში, ხოლო მესამე - სამართლის სამაგისტრო პროგრამაში. საგნები ჯერ დაიტესტება საბაუნიში, ხოლო შემდეგ შევა დანარჩენი ორი პარტნიორი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში. შესაბამისად, საბაუნი იქნება პირველი უნივერსიტეტი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, რომლის სასწავლო პროგრამებიც სტუდენტებს შესთავაზებს თანამედროვე გამოწვევებზე ორიეტირებულ ახალ პრაქტიკულ საგნებს:
- „შშმ პირების სამართალი“
- „ანტიდისკრიმინაციული სამართალი“
- „თანასწორობის უფლებათა დაცვა“.
პროექტი მრავალკომპონენტიანია, რომლის ფარგლებშიც:
შეიქმნება
- 3 ახალი სასწავლო საგნის სილაბუსი
- ერთი სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის
- ერთი სახელმძღვანელო ლექტორებისთვის
- ერთი სტატიათა კრებული
- ვიდეოლექციები და ვიდეორგოლები შშმ პირების უფლებებისა და თანასწორობის უფლებებთან დაკავშირებული. ამასთანავე, ვიდეოლექციები და ვიდეორგოლები ადაპტირებული იქნება სმენადაქვეითებულთათვის
ჩატარდება:
- 6 ვორქშოფი სამივე უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით
- 6 საჯარო დისკუსია თბილისში, აჭარასა და ახალციხეში
- ერთი საჯარო ლექცია თბილისში
- დასკვნითი საჯარო შეხვედრა თბილისში
პროექტში მონაწილეობას მიიღებს ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ჟანეტ ლორდი (Janet Lord), რომელიც იქნება „შშმ პირების სამართლის“ მთავარი ავტორი. იგი ასევე ეწვევა საბაუნის და ჩაატარებს საჯარო ლექციას.
პროექტის ფარგლებში საბაუნი შეიძენს სტუდიას, რაც შესაძლებლომას მოგვცემს არა მარტო ამ პროექტის ფარგლებში, არამედ მისი დასრულების შემდეგაც ჩავწეროთ ჩვენი პროფესორების საინტერესო ლექციები და ვიდორგოლები.
პროექტი დაიწყო 2020 წლის მაისში და მისი განხორციელების ვადა მოიცავს 14 თვეს.