11მაი,2020
COVID 19 და სამართლებრივი ეფექტები
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ონლაინ ფორმატში ჩატარდა პანელური დისკუსიათა ციკლი თემაზე „COVID 19 ის გამოწვევები საქართველოში“.
საბაუნის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 2020 წლის 9 მაისს გაიმართა დისკუსია თემაზე „COVID 19 და სამართლებრივი ეფექტები - საუბრები სამართალზე“. დისკუსიას მოდერატორობა გაუწია სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი გორაძემ. შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ სამართლის ფაკულტეტის აფილირებული ლექტორები თენგიზ თევზაძე, გიორგი მესხი, გვანცა გუგეშაშვილი და უჩა ბახტაძე.
ბატონმა თენგიზ თევზაძემ ისაუბრა საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებზე. მან იმსჯელა, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას არსებულმა მდგომარეობამ კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღებას. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა არაჟანსაღ საარჩევნო პროცესზე.
ონლაინ-დისკუსიაში გერმანიიდან ჩაერთო საბაუნის ასოცირებული პროფესორი გიორგი მესხი და მსმენელებს გააცნო პანდემიასთან დაკავშირებული გერმანული გამოცდილება. მისი თქმით, გერმანიის მთავრობა ორი მიმართულებით ცდილობს საკანონმდებლო რეგულაციებით ზომების მიღებას: 1. ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა; 2. ეკონომიკის შესანარჩუნებლად გადადგმული ნაბიჯები. გერმანიის გამოცდილებიდან ჩანს, რომ იგი ამ ქვეყნის ხელისუფლება ეფექტურად ახერხებს იზრუნოს ადამიანის სოციალურ დაცვაზე და ამავდროულად ცდილობს უზრუნველყოს ეკონომიკური კრიზისის ნაკლებად მტკივნეული შედეგები.
დისკუსიაში საფრანგეთიდან ჩაერთო საბაუნის „მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი გვანცა გუგეშაშვილი, რომელმაც ისაუბრა საფრანგეთში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებისა და აკრძალვების შესახებ. მან ყურადღება გააამხვილა საგანგებო მდგომარეობის პირობებში დარღვევებთან დაკავშირებულ სანქციებზე. ასევე, ისაუბრა საფრანგეთის სახელმწიფოს მხრიდან უმუშევრობის პროცესში ნაწილობრივ სუბსიდირების სისტემაზე და ზოგადად, თუ როგორაა დაცული ადამიანის ძირითადი უფლებები პანდემიის პირობებში.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრის, საბაუნის „დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრის“ ხელმძღვანელის უჩა ბახტაძის მოხსენების თემა იყო „COVID-19 ის გავლენები დანაშაულის მატებაზე“. მან ისაუბრა ცალკეული დანაშაულების ზრდის ტენდენციაზე, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა საგანგებო მდგომარეობის პირობებში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მატებაზე, დანაშულის გადასვლას კიბერ სივრცეში და ახალი კორონავირუსით გამოწვეულ სხვადასხვა ფაქტორებზე, რაც დანაშაულს ზრდის.
პანელური დისკუსიის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას და კითხვა-პასუხს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა.