28იან,2020
საბაუნის ლექტორის მობილობა საფრანგეთში
სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, გიორგი მესხი Erasmus+ KA107 კრედიტების მობილობის პროგრამით იმყოფებოდა ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სადაც ერთი კვირის მანძილზე ფრანგი სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექციები თემაზე: სამოქალაქო სამართლის ტრანსფორმაცია პოსტ საბჭოთა ქვეყნებში. გარდა ლექციებისა, პროფესორმა შეხვედრები გამართა ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტსა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში.
ფაკულტეტთან შეხვედრის დროს მხარეებმა სურვილი გამოთქვეს ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა / განხორციელების შესახებ.
„მობილობა, ზოგადად, ხელს უწყობს მონაწილე უნივერსიტეტების დაახლოებას და წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით. შედეგად ხდება იდეების გაზიარება პრობლემების გამოვლენისა და მათი გადაჭრის თვალსაზრისით. მობილობა აგრეთვე განაპირობებს ორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გაცნობა-დაახლოებას.
ხსენებული ვიზიტის მიზანი იყო აგრეთვე ქართული (და, ზოგადად, პოსტსაბჭოური) კანონმდებლობის აქტუალური საკითხების განხილვა ფრანგ კოლეგებთან ერთად და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა გამოთქვეს სურვილი ხსენებული პრობლემების შესახებ უფრო დეტალური დისკუსიის გამართვისა, მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით. დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებებიც: ლიონის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორების ვიზიტები სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში.“ - აღნიშნავს გიორგი მესხი მობილობის დასასრულს.
ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი საბაუნის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობითაც ხორციელდება ერთობლივი პროექტები, მათ შორის Erasmus+ KA107, რომლის ფარგლებში გასულ აკადემიურ წელს განხორციელდა რამდენიმე სტუდენტისა და პერსონალის მობილობა. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე შესაძლებელია სტუდენტების გაგზავნა გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრის მანძილზე, სადაც სტუდენტები თავისუფლდებიან სწავლის საფასურისაგან, როგორც მასპინძელ, ასევე მშობლიურ უნივერსიტეტში.