26ივლ,2021
ერთადერთი მდიდარი რესურსი, რაც საქართველოს აქვს, სწორედ ჰიდრორესურსია
ხალხმა წინასწარ უნდა იცოდეს, თუ რა სარგებელს მოუტანს ჰესი მათ ოჯახებს, რეგიონსა და მთლიანად ქვეყანას
ინტერვიუ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ლექტორთან, ენერგეტიკის სამართლის ექსპერტთან, ქალბატონ მაკა ფარცვანიასთან.
- დღეს ბევრს საუბრობენ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე, მაგრამ ნაკლებს ენერგოუსაფრთხოებაზე. მაინც, რას ნიშნავს ენერგოუსაფრთხოება?
- ენერგეტიკული უსაფრთხოება სახელმწიფოს ვალდებულებაა, ქვეყანაში ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება უზრუნველყოს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ პროდუქტის ანუ ელექტროენერგიის მიწოდების ფასი ხელმისაწვდომი უნდა იყოს... ანუ სახელმწიფოს ორი მთავარი ვალდებულება აკისრია: ელექტროენერგიის უწყვეტობა და მისი მიწოდების ხელსაყრელი ფასი, რომ მომხმარებელმა ამ პროდუქციის შეძენა შეძლოს.
- რა საკანონმდებლო ნორმები იცავს ენერგოუსაფრთხოებას?
- ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებები საქართველოს პარლამენტის 2015 წლის დადგენილებით განისაზღვრა. მათ შორისაა ადგილობრივი რესურსების, პირველ რიგში კი ჰიდრორესურსის ათვისება. ჰიდრორესურსის უპირატეს ათვისებაზე საუბარია ასოცირების შესახებ შეთანხმებაშიც, რომელშიც ხაზგასმულია, რომ განახლებადი ენერგია მსოფლიოს პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენი ჰიდროპოტენციალიდან და ფასებიდან გამომდინარე, თუ რა უფრო იაფია ქვეყნისთვის და ინვესტორისთვის, განახლებადი ენერგიის პრიორიტეტებში ჰიდრორესურსების ათვისება გვიზის.
- მხოლოდ ჰიდრორესურსების?
- ძალან მნიშვნელოვანია და არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა განახლებადი ენერგორესურსების ათვისებაც, მათ შორის, ქარისა და მზის, მაგრამ აქ სისტემურ პრობლემას ვაწყდებით ანუ ასეთი ენერგიის ე.წ. გადამცემი ხაზების არსებული მდგომარეობა შეზღუდულია.
- რას გულისხმობთ?
- ქარი და მზე მუდმივი ენერგია არაა: მზე არის ან არ არის, ქარი ხან ძლიერია, ქარიშხალია, ხან კი სუსტია, ანუ ელექტროენერგია ცვლადად მიეწოდება და მიწოდების ასეთ ხაზს დაბალანსება სჭირდება. ქარის და მზის ენერგიის ათვისება რომ მოხდეს, სწორედ ამისთვის საჭიროა ისეთი წყალსაცავიანი ჰესები, როგორიცაა ენგურჰესი და როგორიც იქნება ნამახვანჰესი.
- შეიძლება თუ არა, ენერგოუსაფრთხოება პოლიტიკურ საკითხად გადაიქცეს?
- დღესაც რომ ნახოთ, იგივე რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრაზე ძირითადი საკითხი მაინც ენერგეტკა იყო, ის ენერგეტიკული პროექტები, რომელსაც რუსეთი ახორციელებს: უნდა გაგრძელდეს და გამკაცრდეს სანქციები, თუ არა?! მთელი მედია გადაჭრელებულია იმით, რომ რუსული გაზსადენის პროექტი Nord Stream 2 აშშ-ს სანქციების დოკუმენტში არ მოხვდა. როგორც ხედავთ, ენერგეტიკულ საკითხებზე ხდება პოლიტიკური ვაჭრობა და ენერგეტიკული საკითხები მჭიდროდ უკავშრდება ქვეყნის დამოუკიდებლობას, მითუმეტეს, საქართველოს გეპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენი მეზობელი რუსეთი მუდმივად ცდილობს, საქართველოში თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატაროს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი ენერგოუსაფრთხოება გავზარდოთ. ამ მხრივ პრველ რიგში გასატარებელი ღონისძიება ადგილობრივი რესურსის ათვისებაა.
- რამდენად საკმარისი ადგილობრივი რესურსი გვაქვს?
- ჩვენი მიწოდება-მოხმარება ზამთარში იმპორტზეა დამოკიდებული და ხდება დივერსიფიცირება. ჩვენ გვაქვს თბოსადგურები, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი გაზზე მუშაობენ, გაზი კი დიდი ოდენობით არ გვაქვს და შესაბამისად, რუსეთიდან ან აზებაიჯანიდან შემოტანის ალტერნატიული რესურსი გვაქვს. რუსეთის მიდგომა ასეთია: მომხმარებელს გაზი ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზოს, ჩამოიშოროს ყველა კონკურენტი, დარჩეს ბაზარზე მარტო და შემდგომ ქვეყანაზე პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინოს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ასე არ მოხდეს. ერთადერთი მდიდარი რესურსი, რაც საქართველოს აქვს, სწორედ ჰიდრორესურსია. მეტად გამოცდილი ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული, რაც ზოგადად, ევროპული მიდგომაცაა. თუ გადახედავთ ევროპის ქვეყნებს, ასევე, ჩინეთს, სადაც სულ ახლახან მსოფლიოში სიდიდით მეორე ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში, ჰესების მიმართ ინტერესი ნამდვილად არ ცხრება და დასავლეთში ძალიან ბევრი ჰიდროა ათვისებული. მეტიც: მაგალითად, ინდოეთში ექსპლუატაციიდან გამოსული, მოძველებული ჰესის დემონტაჟზეც კი უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მასზე მოსახლეობის დიდი ნაწილის ელექტროენერგით მომარაგებაა მიბმული.
- ფლობს თუ არა ქართული საზოგადოება სრულყოფილ ინფორმაციას ქვეყნის ენერგეტიკის შესახებ?
- ენერგეტიკა ზოგადად რთული თემაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ არ უნდა იცოდეს, თუ რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლიათ ჰესებს არამარტო კონკრეტული რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მაგალითად, ენგურჰესი ჩვენთვის ენერგოუსაფრთხოების საამაყო ლოკომოტივია. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იმპორტი რეკორდულად გაიზარდა, ანუ ქვეყანა ერთადერთ ჰესზეა დამოკიდებული, რომლის შეფერხებით მუშაობას ან ავარიულ გათიშვას ქვეყნისთვის მძიმე შედეგი მოაქვს. ავარიის შემდგომი ჩართვა კი ხანგრძლივი პერიოდია ანუ ჯერ უნდა მოიძებნოს, სად მოხდა ავარია, გამოსწორდეს და მხოლოდ შემდეგ ჩაირთოს. მთავარ მიზეზი კი საა, რომ ენგურჰესის ალტერნატიული დიდი სადგური საქართველოში არ არსებობს.
- ანუ თუ მოსახლეობას საკმარის ინფორმაციას მივაწვდით, ნამახვანჰესის აშენებას უმრავლესობა დაეთანხმება?
- დიახ! ... იმიტომ, რომ სწორედ ნამახვანი იქნება მეორე დიდი ჰესი ქვეყანაში, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ავარიული გათიშვის დროსაც კი იმპორტზე დამოკიდებულებას საგრძნობლად შეამცირებს. წყალსაცავიანი ჰესები მზისა და ქარის ქსელში ინტეგრაციისთვისაც მნიშვნელოვანია. ჰესი ცალკე აღებული პროექტი არ არის და რეგიონს ბევრი მიმართლებით განვითარებაში ეხმარება: ტურისტულად, სოცილაურად და ა.შ. ზოგადად, ენერგეტიკული ობიექტები ფინანსურად გამართული არიან და უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე სხვა ბიზნეს-სექტორს. მოსახლეობის პროტესტიც სწორედ ამ მიმართულებით უნდა არსებობდეს ანუ ხალხმა უნდა მოითხოვოს უკეთესი პირობები, სისტემური ცვლილებები და წინასწარ უნდა იცოდნენ, თუ რა სარგებელს მოუტანს ჰესი მათ ოჯახებს, რეგიონსა და მთლიანად ქვეყანას. აი, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და არა იმაზე, რომ პროექტი არ განხორციელდეს. პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს, ოღონდ მისგან ყველაზე დიდი სარგებელი, პირველ რიგში, იმ ოჯახებმა უნდა ნახონ, ვისზეც პროექტი უშუალო გავლენას ახდენს. შემდეგ უნდა ისარგებლოს მიმდებარე რაიონმა, მერე რეგიონმა და მთელმა ქვეყანამ. პროექტი ქონებისა და კიდევ ბევრ გადასახადს ითვალისწინებს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში შევა და ქვეყანას ფინანსურ სარგებელსაც მოუტანს. მთავარია, ეს ფინანსური სარგებელი მოსახლეობისკენ სწორად იყოს მიმართული. ხალხი სწორედ ამას უნდა აპროტესტებდეს. იმედია, ეკონომიკის მინისტრის საკმაოდ კარგი დაპირება ფონდის შექმნის შესახებ, ასრულდება, რაშიც პირველ ეტაპზე 5 მლნ ლარი იქნებოდა აკუმულირებული და სწორედ სოციალურ პროგრამებს მოხმარდებოდა. ეს პატარა თანხა არაა.
- რას იტყოდით ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე, რომელიც დიდი ინტერესისა და განხილვის საგანია?
- ზოგადად, ძალიან ძნელია ხელშეკრულებაზე კარგის ან ცუდის თქმა იმიტომ, რომ ენერგეტიკულ პროექტებზე დადებული ხელშეკრულებები საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე ფასდება, რაც მსოფლიო ბანკის მიერ აპრობირებულია. ნამახვანის ხელშეკრულების გაფორმებაში როგორც ქართველი, ისე უცხოელი იურისტები მონაწილეობდნენ, რომლებიც სახელმწიფოს ინტერესს იცავდნენ და სწორედ საერთაშორისო პრაქტიკიდან გამოდიოდნენ. ნამახვანჰესი საერთაშორისო პროექტია, რადგან მასში უცხოელი ინვესტორები მონაწილეობენ. რატომღაც არავინ საუბრობს იმაზე, რომ თურქი ინვესტორები ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. თურქეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და საქართველოში მისი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნით მის დაინტერესებას ნიშნავს, ანუ თავისი პროექტის უსაფრთხოების ინტერესი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასაც შეიცავს. თუკი 2008 წლის ომს გავიხსენებთ, მაშინ სწორედ თრქეთმა არ მისცა საჰაერო სივრცე რუსეთს იმიტომ, რომ ის თავის პროექტს იცავდა. ვგულისხმობ საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტს. როდესაც რეგიონულ ჰაბზე გვაქვს პრეტენზია, წარმოუდგენელია, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან მტრულად ვიყოთ განწყობილი. თუ ჩვენ მათ ვთავაზობთ ჰაბს, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში, მათი კეთილგანწყობა უნდა მოვიპოვოთ. ჩვენ უკვე გვაქვს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთობლივი წარმატებული პროექტი, რომლიდანაც ჩვენი ქვეყანა უდიდეს სარგებელს იღებს. ვიცით, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა და საქართველო ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მონაწილე ქვეყანა გახდა. ეს ხაზი სწორედ ჩვენს ქვეყანაზე გადის.
- ...მაგრამ თუ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო თავად არის ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი?
- რუსეთთანაც მნიშვნელოვანია გარკვეული ურთიერთობები და აქ გამონაკლისი სწორედ ენერგეტიკის სფეროა: ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტს რუსეთიდან ვახორციელებთ. ენერგეტიკაში ზუსტად პოლიტიკური მიდგომებია საჭირო: ფრთხილად უნდა ვიყოთ განცხადებებსა და მიდგომებშიც, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ზოგიერთი ქვეყნის მიმართ ზოგიერთი ჯგუფის დამოკიდებულებაში. ეს მეტად სამწუხაროა.
- მოდით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებას დავუბრუნდეთ...
- ხელშეკრულებას ცალკე, ანუ კანონმდებლობის გარეშე ვერ განვიხილავთ. მხოლოდ მისი წაკითხვით თქვენ კომპანიის ვალდებულებებს ვერ მიხვდებით, რადგან ხშირია მანიპულაცია ექსპორტთან მიმართებაში ანუ 15 წლის შემდეგ კომპანიას ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის უფლბა აქვს. დიახ, ასეა, რადგან არ არსებობს არც ერთი ენერგეტიკული პროექტი, რომელიც რომელიმე სადგურს ექსპორტს უზღუდავდეს, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც ესკოს აქვს ვალდებულება, შეისყიდოს ელექტროენერგია. ეს ყველაფერი შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება. ვგულისხმობ ენერგეტიკის მინისტრის 77-ე ბრძანებულებას ელექტროენერგიის სიმძლავრის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და ძალიან რთული დოკუმენტია. თუმცა მასში დეტალურად არის გაწერილი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ექსპორტი და რა უნდა გააკეთო ამისთვის. არც ერთი საწარმო ანუ ენერგეტიკული სადგური ექსპორტში შეზღუდული არ არის, მაგრამ ეს მეტად რთული და კომპლექსური პროცედურაა.
- რას ნიშნავს ეს?
- ელექტროენერგიას ხაზების გარეშე ვერ გაიტან, ხაზები კი სისტემის საკუთრებაა. არსებობს დისპეჩერის ლიცენზიანტი, ვისთანაც მიდიხართ და ექსპორტის სურვილზე განაცხადი შეგაქვთ. გარდა ამისა, არსებობს ელექტროენერგიის ბალანსი, რომელიც წინასწარ დგება და რასაც დისპეჩერის ლიცენზიანტი ეკონომიკის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს. ბალანსი მოიცავს ექსპორტისა და იმპორტის ნაწილს და ქვეყანამ მისი შესაძლებლობები წინასწარ იცის თუ როდის არის შესაძლებელი, რომ ექსპორტი განხორციელდეს. ამ პერიოდში, ბუნებრივია, არც ერთი სადგური, მათ შორის, ნამახვანჰესი ექსპორტში შეზღუდული არ იქნება.გარდა ამისა, თავად ბაზრის წესები პრიორიტეტულ ნებართვებს ითვალისწინებს და მაგალითად, არის ხელშეკრულებები, რომლებშიც სადგურებს ხაზზე პრიორიტეტული დაშვება აქვთ. ასეთი პრიორიტეტული დაშვება ნამახვანჰესს არ გააჩნია და ექსპორტის ნაწილში პრიორიტეტით ამ მხრივაც არ სარგებლობს. ამით სარგებლობენ მხოლოდ ის სადგურები, რომლებსაც ხაზზე პრიორიტეტული დაშვება აქვთ, შემდეგ კი განაცხადის შემტანი სადგურები მოდიან. თუ განაცხადი რამდენიმე სადგურმა შეიტანა, მაშინ აუქციონი ცხადდება, რომლის წესი და პირობებიც დეტალურად არის გაწერილი ბაზრის წესებში.
- ანუ ელექტროენერგიის ექსპორტის ცალსახა, უპირობო უზრუნველყოფა გამორიცხულია.
- მეტიც: შეიძლება, განაცხადი შეტანილი იყოს და ექსპორტზე თანხმობაც არსებობდეს, მაგრამ ავარიის შემთხვევაში დისპეჩერის ლიცენზიანტი ცასლახად უფლებამოსილია, შეაჩეროს ექსპორტი და პირველ რიგში, შიდამოხმარება დააკმაყოფილოს. სხვანაირად ქსელი ვერც იმუშავებს. ექსპორტი მხოლოდამხოლოდ შესაძლებელია ჭარბი რესურსის არსებობის შემთხვევაში, სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი ადგილობრივი წარმოება რჩება ქვეყანაში და მის საჭიროებას ხმარდება. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში კიდევ ბევრი საკითხია, რომელიც დეტალურ და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
- რას გამოიწვევს ხელშეკრუელბის გაწყვეტა, რაზეც, ასევე, არაერთგვაროვანი შეფასებები კეთდება?
- პირველ რიგში, ქვეყნის მიზანია, რომ პროექტი განხორციელდეს და ამიტომაც მიენიჭა პროექტს სახელმწიფო მნიშვნელობის სტატუსი. ნამახვანჰესის პროექტი მართლაც სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია და მთელი ხელშეკრულება აგებულია იმაზე, თუ როგორ უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ პროექტის განხორციელებას. სამწუხაროდ, არავინ საუბრობს რისკებზე, თუ რა შეიძლება მოყვეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ფორს-მაჟორის გამო პროექტის არ ან ვერ განხორციელებას. თუ ასეთი ფორს-მაჟორის პირობებში ხელშეკრულება შეწყდება, ეს ამავე ხელშეკრულებით მთავრობის მიერ ვალდებულების ვერშესრულებად აღიქმება და მას გარკვეული სახის კომპენსაციების გადახდა დაეკისრება. ეს მეტად მძიმედ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე იმიტომ, რომ 800-მილიონიანი პირდაპირი ინვესტიციის ნაცვლად, ეს თანხა ქვეყნიდან გავა. კომპენსაცია მცირე თანხა ნამდვილად არ იქნება. გარდა ამისა, ქვეყნის საინვესტიციო გარემო უკიდურესად ცუდათ შეფასდება და ინვესტორებს ამ ქვეყანაში შემოსვლაზე გადაწყეტილების მიღება მეტად გაუჭირდებათ. ამასთან, პირობები, რაც ნამახვანჰესის ხელშეკრულებაშია გაწერილი, სახელმწიფოს სხვა ინვესტორების დასარწმუნებლად გაუათმაგდება, რომ იგივე პოლიტიკური ფორს-მაჟორი აღარ გამეორდება. ყველაზე პრობლემატური საარბიტრაჟო დავაა, რადგან საარბიტრაჟო სასამართლოში ინვესტორის წასვლა ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის საინვესტიციო რეიტინგი დაბალია. საარბიტრაჟო დავის თავიდან ასაცილებლად და ქვეყნის რეპუტაციაც რომ არ შეილახოს, სახელმწიფო ხშირ შემთხვხევაში მზადაა, კომპანიას ფინანსური კომპენსაცია გადაუხადოს. ასე რომ, უნდა დაფიქრდეს ის საზოგადოება, რომელიც დღეს ქვეყანას ფორს-მაჟორის წიანშე აყენებს, თუ რამხელა ფინანსური ზიანი შეიძლება, მიადგეს ქვეყანას ამ ისედაც რთულ პანდემიურ სიტუაციაში.
- როგორი უნდა იყოს საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში?
- მე მზად ვარ, საბაუნის ენერგეტიკის სამართლის ცენტრში დაინტერესებულ ჯგუფებს ვუმასპინძლო, რათა ვისაუბროთ ენერგეტიკის ფართო და მეტად საინტერესო საკითხებზე; ვისაუბროთ არა მარტო ნამახვანჰესზე, არამედ ზოგადად, ევროპულ მიდგომებზე, რადგან ნელ-ნელა ევროპულ კანონმდებლობას ვუახლოვდებით და ენერგეტიკაში ძირეული ცვლილებები სწორედ ახლა მიმდინარეობს. ასე რომ, მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და საბაუნის ენერგეტიკის სამართლის ცენტრი დისკუსიისთვის ყოველთვის მზადაა.
მოამზადა ჟურნალისტმა ლადო სულაბერიძემ