22ნოე,2023
განვითარების კვლევების მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (2023)
2023 წლის 16 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და განვითარების კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდა განვითარების კვლევების მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის შესაძლებლობები: კვლევები და განვითარება“.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტები, მათ შორის პროფესორები პოლონეთის, უკრაინის, ბულგარეთის, ეთიოპიის, საუდის არაბეთის, განის, უზბეკეთისა და ირანის უნივერსიტეტებიდან.
პლენარულ სესიაზე მოხსენებით წარდგნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და გაეროს ეკონომიკური კომიტეტის წარმომადგენელი პროფესორი ამალ ნაგა ელბეშბიში.
„სახელმწიფო დონეზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, რომლებიც ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხმიანება. აღნიშნული კონფერენცია კი, ინფორმაციისა და ცოდნის ურთიერთგაზიარების საუკეთესო საშუალებაა, რაც ხელს შეუწყობს ახალი ინიციატივების წინ წამოწევასა და ინოვაციური პროექტების ინიცირებას. ეს კი, გლობალურად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა შეუძლებელია საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე” - პროფესორი თამთა მიქაბერიძე, საბაუნის ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი.
,,დღის წესრიგი 2030" გათვალისწინებულ სამიზნე ნიშნულების მიღწევის თვალსაზრისით ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ცალკეული მიზნის მიღწევის დისპროპორციების, ქვეყანათა პროგრესის უთანაბრობის და ა. შ. მიმართულებით. ჩვენი კონფერენცია გარკვეულწილად ეხმიანება მდგრადი განვითარების თემის გააქტიურების საჭიროებას. ამასთან, ინტერდისციპლინური და ინტერსექტორული პოზიციებიდან ცდილობს გარკვეული წვლილი შეიტანოს სასარგებლო კვლევების და ახალი ინიციატივების სტიმულირებისთვის” - პროფესორი ნინო პაპაჩაშვილი, განვითარების კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.