26აპრ,2024
საბაუნის პროფესორების ვიზიტი კრაკოვის პონტიფიკურ უნივერსიტეტში
2024 წლის 15-19 აპრილს, საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკუტლეტის აკადემიური პერსონალი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი სალომე გოგბერაშვილი და აფილირებული ასისტენტ-პროფესორი მაკა ბენაშვილი Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობით პოლონეთში, კრაკოვის პონტიფიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, საბაუნის პროფესორებმა ლექციები ჩაატარეს პოლონელი სტუდენტებისათვის, სამუშაო შეხვედრები გამართეს პოლონელ კოლეგებთან და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გზებზე.
„მობილობა იყო საინტერესო და ნაყოფიერი. ვიზიტის დროს მქონდა რამდენიმე ლექცია სტუდენტებთან ოჯახის თემატიკზე, სადაც ამერიკული ოჯახის გვერდით განვიხილეთ ოჯახის ინსტიტუტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და თანამედროვე ტენცენციები. ვისაუბრეთ ასევე გენდერულ სტერეოტიპებზე, ოჯახური ძალადობის ტიპებზე,დ.ა.შ. პოლონელ კოლეგებთან შეხვედრაც საკმაოდ საინტერესო გამოდგა, დაინტერესდნენ ჩემს მიერ წარდგენილი სალექციო კურსით და დიდი ალბათობით სამომავლოდ თვითონაც შესთავაზებენ მსგავს კურსს სტუდენტებს. გარდა ამისა, ორივე მხარემ გამოვთქვით მზაობა ჩვენი უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისათვის“ - სალომე გოგბერაშვილი.
„მობილობის პერიოდში ჩავატარე ლექცია-სემინარები, მათ შორის ერთი საჯარო ლექცია, რომელსაც სამოცამდე სტუდენტი ესწრებოდა. სემინარები ძირითადად დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს თავიანთი მოსაზრებების გაზიარების საშუალება ჰქონდათ. საინტერესო იყო მასპინძელი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან დისკუსიაც, რომლის დროსაც ერთმანეთს გავუზიარეთ დარგისა სხვადასხვა თემატიკის შესახებ გამოცდილებას. ამასთანავე, დამატებითი აქტივობის ფარგლებში გავეცანით ისტორიულ ფაქტებს, კრაკოვის ღირსშესანიშნაობებსა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. მობილობის შემდეგ ვარ უფრო მეტად მოტივირებული და მეტად ვაფასებ ჩემს საქმეს საბაუნიში“ - მაკა ბენაშვილი.
კრაკოვის იოანე-პავლე მეორის სახელობის პონტიფიკური უნივერსიტეტი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ერთ-ერთი უძველესი პარტრნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში.