15სექ,2023
სულხან-საბა ორბელიანის წარმომადგენლების ოფიციალური აუდიენცია მსოფლიო პატრიარქთან
2023 წლის 1 სექტემბერს, საბაუნის წარმომადგენლები ოფიციალური აუდიენციით უკვე მეორედ, კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქმა, მისმა უწმინდესობა ბართლომემ მიიღო.
სტამბულში ვიზიტის დროს, საბაუნის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეცნოთ ქალაქის ისეთი მნიშვნელოვანი ადგილები, როგორიცაა: სტამბულის ქართველ კათოლიკეთა სავანე, ხორას მონასტერი, ბალიკლის მონასტერი, ფანარი, წმ. გიორგის საპატრიარქო ტაძარი და საპატრიარქო რეზიდენცია, პრინცის კუნძულები და ჰალკის მონასტერი/სემინარია.
„სტამბული, ისტორიითა და კულტურით მდიდარი ქალაქია. აგვისტოს მიწურულს მას ჩვენი უნივერსიტეტიდან მოზრდილი ჯგუფი ესტუმრა, რათა პატივისცემა დაედასტურებინა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი წინამძღვრისათვის, კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქ ბართლომესათვის. ეს უკვე მეორედ ხდება ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში.
სტამბულის მონახულების იდეა სპონტანურად გაჩნდა, რომის პაპთან წლევანდელი ვიზიტის შემდეგ. საყოველთაოდ ცნობილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანთა ამ ორი მწყემსმთავრის ხშირი კავშირები. ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ხომ ესაა, განათლებისა და უკეთ გაცნობის გზით არამხოლოდ შევამციროთ წარმოსახვითი მანძილი განსხვავებულებს შორის, არამედ სულ უფრო უკეთ აღმოვაჩინოთ უცხოსა და განსხვავებულის აუცილებლობა იმისათვის, რომ თავად არ დავრჩეთ საკუთარ სივიწროვეში.
ჯგუფს საშუალება ჰქონდა კიდევ ერთხელ ჩაფლულიყო სტამბულის მდიდარ ისტორიასა და მომხიბვლელ ტრადიციებში პატრიარქთან შეხვედრამდე. მოგვეცა შესაძლებლობა გველოცა პატრიარქთან ერთად ჯერ ბალუკლის „სიცოცხლის მომცემი წყაროს“ წმიდა მონასტერში, შემდეგ კი წმ. გიორგის საკათედრო ტაძარში, რაც ამ ვიზიტის მთავარ მოგონებად დაგვრჩება“ - აკაკი ჭელიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი.
პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართველ კათოლიკეთა სავანეში, ქართველ სტუმრებს სავანეზე მზრუნველი ზაზაძეების ოჯახის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ნატალი ზაზაძემ უმასპინძლა. საბაუნელებმა მოინახულეს წიგნთსაცავი, რომელიც ასობით ხელნაწერსა და დაბეჭდილ წიგნს მოიცავს და ასევე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
ვიზიტის კიდევ ერთი ამაღელვებელი მომენტი მსოფლიო პატრიარქისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, კიევის მიტროპოლიტ ეპიფანეს მიერ ერთად აღვლენილ წმ. მსახურებაზე დასწრება იყო.
მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიით და ესთეტიკით შთაგონებულ ატრიბუტიკასთან ერთად, მსოფლიო პატრიარქს ქართველი ფერმწერის, გრიგოლ ღვანიას ნამუშევარი გადავეცით.